დღეს “ენფილდზე” ერთმანეთს “ლივერპულისა” და “მილანის” ლეგენდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საქველმოქმედო ხასიათის იყო.

მატჩი მერსისაიდელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში “წითლების” ლეგენდარულმა კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა დააფიქსირა – ინგლისელმა მეტოქის კარი შეხვედრის უკანასკნელ წუთზე აიღო.

მოგვიანებით მან კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში განვლილ შეხვედრასა და “ლივერპულის” საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა :

“აქ დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტრიბუნები სავსეა და შენ ეს მაისური გაცვია. “მილანის” წინააღმდეგ თამაში და გამარჯვების გოლის გატანა ნამდვილად საოცარი გრძნობაა. მადლობა ყველას მოსვლისთვის და მხარდაჭერისთვის. მოწვევის მიღების დღიდან, ამ მატჩს მოუთმენლად ველოდი.

ბიჭებს თავისუფალი დრო ჰქონდათ და შეეძლოთ ის ოჯახებთან ერთად გაეტარებინათ, თუმცა აქ ჩამოვიდნენ და გულშემატკივრები გაართეს.

დამიჯერეთ, წნეხს მე ახლაც ვგრძნობ. ცხადია, ჩემი საქმე “რეინჯერსს” უკავშირდება და სწორედ მასზე ვარ კონცენტრირებული, თუმცა ერთი თვალი მუდამ “ენფილდისკენ” მაქვს მიპყრობილი. იმედია, ბიჭები შეძლებენ ამ ხაზის გადალახვას, რადგან ამ შემთხვევაში მე მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვიქნები.” – განაცხადა ჯერარდმა.