რამდენიმე წლის უკან ქვეყნიერებას მოევლინა ჯერარდის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც სამწუხაროდ ქართველი გულშემატკივრების უმეტესობითვის მიუწვდომელია, ამიტომ liverpoolfc.ge შემოგთავაზებთ ამონარიდებს ლეგენდარული კაპიტნის წიგნიდან.

როდესაც სტივი პატარა იყო

ჩემს ვენებში წითელი ლივერპულული სისხლი ჩქეფს: მე მიყვარს “ლივერპული” უკვდავი ვნებით. ჩემი სურვილი “ენფილდზე” წარმატებას მიმეღწია მას შემდეგ გამყარდა, რაც ჯონ პოლი დაიღუპა. (ჯერარდის ბიძაშვილი ჯონ პოლ გილული, რომელიც ჰილსბოროს ტრაგედიის დროს 10 წლის ასაკში დაიღუპა) ჩემი სადებიუტო მატჩის დროს შეგრძნება მქონდა თითქოს ზევიდან მიყურებდა კმაყოფილი იმით, რომ მივაღწიე იმას რაზეც ორივე ვოცნებობდით. წარმატების მიღწევის სურვილი ჩემში ასევე სკოლაში მომხდარმა შემთხვევამ გაამყარა, რომელმაც კინაღამ წერტილი დაუსვა ჩემს ოცნებებს.

ჩვენ გვქონდა “უდაბნოს” მაგვარი სტადიონი, რომელიც ბუჩქებით იყო შემოსაზღვრული და სადაც ადამიანები დაუფიქრებლად ყრიდნენ ნაგავს, მაგრამ მეგობრებს ეს არ გვანაღვლებდა და ზამთარ–ზაფხულს აქ ვატარებდით. “უდაბნო” იყო ჩვენი “ენფილდი”, “გუდისონი”, “უემბლი”, სამოთხე. ერთხელ შაბათ დღეს ბურთს ვთამაშობდი ჩვენ ქუჩაზე მცხოვრებ მარკ ჰანანთან. ბურთი ჯინჭრის ბუჩქებში ჩავარდა და მე უთხარი მარკს: “მე იქ არ შევალ! დამსუსხავს.” ბურთი ისე ღრმად იყო მცენარეებში ჩაფლული, რომ არ ჩანდა, ამიტომ გადავწყვიტე ფეხით ალალბედზე მეცადა გამოტანა. ეეერთი ! ვე მოვარტყი. მეორე მცდელობა და საშინელი ტკივილი ! ფეხი რაღაცას მოვარტყი და ისე ამტკივდა, რომ კინაღამ გული გამიჩერდა. მიწაზე დავვარდი და დახმარებას ვითხოვდი. შედეგად მოტეხილობა მივიღე და მყესები გამიწყდა. გეფიცებით ასეთი ტკივილი ცხოვრებაში არასოდეს განმიცდია. მარკი ზლუქუნით მომვარდა :” არ ვიცი იქ რა არის! ” შემდეგ ბუჩქს შეხედა და სახე მოებრიცა. მეც შევხედე და საკუთარ თვალებს ვერ დაუჯერე: ვიღაც უდღეურმა იქ ფიწლის რკინის ნაწილი ჩააგდო, რომელიც ამჟამად ჩემს ფეხში ძვლამდე იყო ჩასული. “დაუძახე ვინმეს!” ვაგრძელებდი ყვირილს და მარკი მშველელის ძიებაში იქაურობას მყისიერად გაეცალა. მალე ჩემს ყვირილზე მეზობელი ნილ ვესტონი მოვარდა და ბუჩქიდან გამომათრია, თუმცა ფიწალი ჩემს ფეხს გამოჰყვა. “ამოვაძრობ” იძახდა ის. “არა, არა არ გინდა” განწირული ვყვიროდი მე. ის გაიქცა სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად მე კი ცრემლიანი ვიწექი მიწაზე. ჯანდაბა ! შევძლებ თუ არა როდესმე ფეხბურთის თამაშს!

მალე დედა და მამა მოვიდნენ. მამა მაშინვე მიხვდა, რომ საქმე სერიოზულად იყო. მახსოვს, როგორ ეუბნებოდა დედას: “შესაძლოა ფეხი დაკარგოს.” – ღმერთო ჩემო! ჩემი საფეხბურთო კარიერა ბეწვზე კიდია!

სასწრაფო 10 წუთში მოვიდა, რომელიც ჩემთვის 10 საათის ტოლფასი იყო. ექიმმა ჭრილობას დახედა: “საავადმყოფოში უნდა გადავიწყვანოთ”. სასწრაფოში ჩამსვეს და “ალდერ ჰეის” საავადმყოფოში გადამიყვანეს. გზა ძალიან მტანჯველი იყო, არასდროს მეგონა თუ ჩვენი გზები ასეთი “მოღრანცული” იქნებოდა. ცუდი გზის თითოეულ მონაკვეთზე არაადამიანურად ვყვიროდი. ფეხში ფიწალს ვგრძნობდი, ტკივილი საშინელი იყო, ცრემლები შეუჩერებლად მომდიოდა.

როდესაც საავადმყოფოში მივედით ყველამ კარგად გააანალიზა რამდენად რთული იყო ჩემი მდგომარეობა. დედა ნერვული აშლილობის ზღვარზე იყო, ხოლო მე ვყვიროდი და მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელმა ნემსმა შემიმსუბუქა მდგომარეობა. ბურანში ექიმის ხმა მომესმა: ” ძალიან ღრმადაა შესული, ინფექციის საფრთხე არსებობს. თითი უნდა მოვჭრათ.” “რაა? – წამოიძახა მამამ. სტივენი ფეხბურთს თამაშობს მისთვის არაფრის მოჭრა არ შეიძლება. კლუბში უნდა დავრეკოთ და რჩევა ვკითხოთ.”

მან აკადემიის დირექტორთან სტივი ჰაუეისთან დარეკა, რომელიც მაშინვე მოვიდა. სტივი ძლიერი ხასიათის პიროვნებაა და მან თავიდანვე შეაფასა სიტუაცია. “უნდა მოვჭრათ, თან რაც შეიძლება მალე” თავისას არ იშლიდა ექიმი. “არა, არაფრის დიდებით. თქვენ მას არაფერს მოჭრით.” გაიძახოდა ჰაიუეი.

საბედნიეროდ სტივიმ გაიმარჯვა და თითი არ მომაჭრეს. ქირურგმა ყველაფერი კარგად გააკეთა და მადლობას მას, რომ კარიერა შემინარჩუნა. “იღბლიანი ხარ” მითხრა სტივიმ და ექიმებიც დაეთანხმნენ, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ მსგავსი რამ ადრე არ ენახათ.

ამ ამბის გამო სკოლაში სამი კვირა გავაცდინე. საშინაო დავალებას საავადმყოფოში მიგზავნიდნენ, რომელსაც პრაქტიკულად არასდროს ვაკეთებდი. ვცდილობდი მალე გამოვჯანმრთელებულიყავი და ყოველდღე “ლივერპულის” ვიდეოებს უყურებდი, ვაკვირდებოდი ჩემს კუმირებს – კენი დალგლიშს, ჯონ ბარნსს, იან რაშს. ეს იყო ჩემი წამალი, რომელიც მალე გამოჯანმრთელების გარანტიას იძლეოდა.

იმ ინციდენტმა და ერთი თვე უქმობამ საშუალება მომცა გამეაზრებინა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ფეხბურთი. ბურთს თავით ან ცალი ფეხით ვთამაშობდი და მივხვდი, რომ არასოდეს მინდოდა მასთან განშორება. ტკივილები მხოლოდ 5 კვირის შემდეგ მომეხსნა და ვარჯიში განვაახლე. ფეხბურთის გარეშე ჩემი ცხოვრება ცარიელი იქნებოდა. არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც ეს განვიცადე.

ამ ამბის შემდეგ ჩვენ სასამართლო ადგილობრივ მთავრობას მოუგეთ, ვინაიდან ის ავბედითი ადგილი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იყო. ჩვენ კომპენსაცია მივიღეთ 1200 ფუნტი – ცუდი არ არის არა? მე და დედა ქალაქში წავედით და ამ ფულით ახალი საფეხბურთო ატრიბუტიკა ვიყიდეთ ჩემთვის.

როდესაც იმ ამბავს ვიხსენებ, ყოველთვის ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს ის ფიწალი კვლავ ჩემს ფეხში იყოს. მამაჩემი ყოველთვის მეუბნება: “მაშინ ძალიან გაგიმართლა სტივ.” მე თვითონაც კარგად ვხვდები, რომ არა იღბლიანი დასასრული ჩემი ოცნებები “ლივერპულზე” სამუდამოდ დარჩებოდა იმ “უდაბნოში” ჰაიტონზე

გაგრძელება იქნება.

სპეციალურად Liverpoolfc.ge-ისთვის.