• ინგლისში ასეა…წითელი და ლურჯი
    ინგლისში ასეა...წითელი და ლურჯი

     

    ერთ-ერთი დერბის დროს შენკლიმ მთელი შეკვრა ტუალეტის ქაღალდი დაუტოვა კარისკაცს და სთხოვა, “ევერტონის” ფეხბურთელებისთვის დაერიგებინა, როცა ისინი “ენფილდზე” მივიდოდნენ… “მერსისაიდის სიამაყე”- ეს ტიტული ლურჯ-წითლების კაცურ „გაწევ-გამოწევაში“ ირკვევა ხოლმე. გაწევ-გამოწევაც გაცილებით ადრე იწყება და მხოლოდ 90 წუთსაც არ გრძელდება. “გუდისონ პარკს” “ენფილდისგან” მხოლოდ სტენლი პარკი ჰყოფს და მისი ვიწრო ბილიკის „მბრძანებლებიც“ სწორედ იმ გუნდის გულშემატკვირები არიან, ვინც გასვლით თამაშს ატარებს. სწორედ ამ ბილიკით გადიან გზას საყვარელი გუნდის ფერებში გამოწყობილი “ევეი ფანები“ . პაბებიც დილიდანვე გადანაწილებული ჰქონიათ და იშვიათად ნახავთ შერეულ ფერებს.. პაბი ლურჯია ან წითელი… მერსისაიდის სიამაყე კი, საღამოს ირკვევა და ქალაქიც შესაბამის ფერად იმოსება.

    „მატჩდეია…“

    ლაიმ სთრითის სადგურიდან გამოსული, მაინცდამაინც ფერადს ვერაფერს დაინახავდი. ნაცრისფერი ცა და შავი ტაქსის რიგები. როგორც ჩანს, წვიმას სულ ახლახანს გადაუღია, რადგან ტაქსის ავტომობილებს ჯერ კიდევ მკვეთრად ეტყობოდა წვიმის წვეთები საქარე მინაზე. საერთოდ, ქალაქს ეტყობოდა, რომ მზე იშვიათად ანებივრებს აქაურებს, განსაკუთრებით კი, ზამთარში. მოკლედ, ჩვეულებრივი ინგლისური „სანახაობა“ იყო , ზუსტად ისეთი, როგორიც აქედან წარმომედგინა. ქალაქის ცენტრი ხალხმრავალი, მაგრამ მაინც მშვიდი ჩანდა…სიჩუმეს მხოლოდ ქვაფენილზე ჩემი ჩანთის რახა-რუხი და თოლიების ხმაური არღვევდა. თოლიები ლივერპულის ერთ-ერთი „ღირსშესანიშნაობაა“. ქალაქში ადრე თენდება და ფანჯარაში სინათლეს თოლიების რითმული ხმაური ერთვის. მერწმუნეთ, ლივერპულში ერთხელ მაინც თუ გაგაღვიძათ თოლიების სინქრონულმა „გალობამ“, მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ.
    ლაიმ სთრითიდან სწრაფი ნაბიჯით ჩავირბინე მოსველებელ ქვაფენილზე, რომელიც ვიწრო ქუჩას უერთდებოდა. აქ ფილს უნდა შევხვედროდი. ფილ რუზი ბავშვობიდან “ლივერპულის” გულშემატკივარია და ათეული წლებია, საყვარელი გუნდის თამაში არ გაუცდენია არც შინ და არც გარეთ. რეგულარებშიც საკმაოდ პოპულარულია და რამდენიმე ფეხბურთელთან მეგობრობს კიდეც. ფილი თურქეთში გავიცანი “ლივერპულის” თამაშზე და მას შემდეგ ყველა მატჩზე ატარებს ჩემს მიერ ნაჩუქარ ბანერს.

    წვიმიან ლივერპულში ტრადიციულ პაბზე უკეთეს თავშესაფარს ვერ ნახავთ. სტენლი სთრითი ვიწრო აგურის თაღით მოზრდილ ქუჩას უერთდება. კუთხეში ვიწრო, ძალიან ვიწრო პაბია. „Globe”, ფილის თქმით , არის ადგილი, სადაც “ლივერპულის” გამორჩეული, ტრადიცული გულშემატკივრები იკრიბებიან მატჩდეიზე. დერბის დღეს კი, განსაკუთრებულად ბევრი ხალხი შეკრებილიყო. პაბს ერთი კედლის საათი, დახრილი იატაკი და საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს- აქ ოდესღაც ყასბების სამუშაო ადგილი იყო და იატაკიც დახრილი იმიტომ ყოფილა, რომ სისხლი ერთ ადგილას არ დამდგარიყო. “Globe”, ჩემდა გასაკვირად, არც წითელი დროშებით იყო მორთული და იქ ვერც ფეხბურთელების სურათებს ნახავთ. ერთადერთი, ბობი უილკოქსის სურათი კიდია კედელზე. ბობი “ლივერპულის” ყველაზე ცნობილი გულშემატკივარი იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინ მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა. ის ამ პაბის ხშირი სტუმარი ყოფილა და როგორც მითხრეს, თუკი შენკლი “ლივერპულის” საუკეთესო მენეჯერი იყო, ხოლო დალგლიში საუკეთესო ფეხბურთელი, მაშინ ბობი უილკოქსი საუკეთესო გულშემატკივარი ყოფილა. ბობი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა და მან 45 წლიანი სტაჟის ყველაზე გამორჩეული ფანის სახელი დატოვა .

    “Globe”-ში ყველა ერთმანეთს იცნობდა. იქ უცხო ვერ ხვდებოდა და რომც მოხვედრილიყო, უცხოდ თავს არავინ აგრძნობინებდა. უმეტესი 35 წლის და მეტის იყვნენ და ამ პაბში წლებია იკრიბებიან. რამდენიმე რეგულარს თავისი ადგილიც კი აქვს ბართან, სადაც თამაშის დღეს სხვა ვერავინ დაჯდება.

    ზამთრის ლივერპულში ადრე ღამდება… ან ამ დღეს უბრალოდ ძალიან მოღრუბლული იყო… ან ორივე ერთად. რობსონ სთრითიდან უოლტონ ბრექზე ამოვუხვიეთ თუ არა, ნისლში გახვეული “ენფილდიც” ბუნდოვნად გამოჩნდა. წვიმის მიუხედავად, ხალხი პაბებთან გარეთ იდგა. პაბები კი ენფილდთან ბევრია: 12th man, the park , the ar*ცენზურა*s… მაგრამ ყველაზე ახლო და შინაური albert pub-ია, რომელიც სტადიონიდან ალბათ ოცდაათიოდე მეტრშია და ისევე, როგორც “ენფილდის” ახლომახლო უბნები, გარედან პაბიც საკმაოდ მოძველებულად გამოიყურებოდა. კედლებს კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელების კარიკატურები, ხოლო ჭერს ასობით სხვადასხვა გუნდის კაშნე ამშვენებს, თუმცა პაბის მთავარი ღირსება ის გულშემატკვიარია, რომელიც ათეული წლებია ყოველი თამაშის წინ იკრიბება და წინასამატჩო სიმღერებსაც ისეთივე გულით აგუგუნებენს, როგორც წლების წინ. პლელისტიც მატჩის მოხედვით აქვთ დალაგებული- Fields of Anfield road-ს, მაკალისტერის სიმღერას მოაყოლებენ, გარი მაკას კი კაპიტნის სიმღერა მოსდევს… შემდეგ კი, ლუდი რომ ჭიქაში არ გათბეს, ცოტა უნდა შეისვენო. სიმღერები იმდენი აქვთ, თამაშამდე 6-7 შესვენება მაინც უწევთ და თამაშზე უკვე გვარიანად ნასვამები მიდიან. Albert pub-იდან kop-ის ტრიბუნამდე ათასგვარი შეძახილები ისმოდა, თუმცა ამ დღეს ყველაზე პოპულარული “blue white shit, blue white shit, Hello, Hello” თამაშის მერეც ჩამესმოდა ყურში.

    მატჩდეიზე ქალაქში მეტ დაძაბულობას ველოდებოდი, მაგრამ როგორც ფილმა albert-ში მომიყვა, ბოლო წლებში 80-იანებში პიკს მიღწეულმა დაძაბულობამ იკლო, რაშიც უდიდესი წვლილი იმ ტრაგედიებმა შეიტანეს, რაც ამ ქალაქს დაატყდა თავს.. დიახ, ქალაქს და არა მხოლოდ Liverpool F.C.-ს. “ჰილსბროს” ტრაგედია მხოლოდ წითლების ტრაგედია არ იყო და შესაბამისად, მას მხოლოდ წითლების გულშემატკივრები არ გლოვობენ- ეს მთლიანად ქალაქის ტრაგედიაა და ევერტონელების ინიციატივით “ჰილსბროს” ხსენების დღეს “ენფილდზე” ერთიანდება ლურჯი და წითელი. თუმცა, ეს ერთი კონკრეტული დღეა და დერბის დღესთან მცირე საერთო თუ აქვს. თავშეკავებული დამოკიდებულება მთლიანად ქრება, როგორც კი ტრიბუნაზე შედგამ ფეხს. ერთმანეთის დამცინავი „ჩანტები“ არ წყდება თამაშის ბოლომდე.
    თამაში კი ისტორიული გამოდგა, სტივი ჯის ოუფენერს სტარიჯმა 2 და სუარესმა 1 გოლი მიაშველა. უამრავ მომენტს გაფუჭებული პენალტიც დაემატა და ლოგიკურია, რომ ყველაზე პოპულარულიი ფრაზა, რომელიც თამაშის ბოლო წუთებზე Kop-ზე ჟღერდა “should be a 6:0” იყო.

     

    ინგლისში ასეა...წითელი და ლურჯი

     

    ენფილდიდან ყველაზე გვიან გამოვედით, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია რომ “albert”-ში ადგილი გვეპოვა… გაჭედილ პაბში ცარიელი კუთხე იყო. ჩვენ მისვლამდე არავის მოსვლია აზრად იქ დასხდომა. ფილის, დეივის და გრიმის შესვლის შემდეგაც კი დიდი მოწიწებით ერთვებოდნენ საუბარში ახალბედა გულშემატკვირები. გრიმი ამ სამიდან ყველაზე ხანდაზმული იყო და შებამასიად მეტი გამოცდილება ჰქონდა. ისტორიებიც მეტი მოეძებნებოდა და როგორც ყველაფრის მნახველ გულშემატკივარს შეშვენის, ცოტა დინჯადადაც იქცეოდა. მარცხენა მხარეს სახეზე შრამი ჰქონდა და ერთადერთი, რაც მისი ლუდით გაჟღენთილი ინგლისურიდან გავიგე, ის იყო, რომ 80-იანებში “ვესტ ჰემთან” გასვლაზე გაუშრამიათ. შევატყე, არ სიამოვნებდა 80-იანებზე საუბარი, თითქოს თავს არიდებდა და ყოველ ჯერზე მოკლე პასუხს მცემდა ან პაბში წამოწყებულ სიმღერას აყვებოდა ხოლმე. მოკლედ მკითხა საიდან ვიყავი, რაზეც ფილმა ტრაბზონის თამაში და ბანერის ისტორია შეახსენა. გრიმს ცოტა სახე გაეხსნა. როგორც ჩანს, აქამდეც სმენოდა ჩემს შესახებ და რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. “დინამოსთან” თამაშიც კარგად ახსოვდა და გაოცებას ვერ მალავდა, მისთვის სრულიად უცნობმა გუნდმა როგორ გამოთიშა ჩემპიონთა თასს იმ დროისთვის ევროპის უძლიერესი გუნდი. ახსოვდა ქინქლაძე, ახსოვდა ქეცბაია და მისი გოლის აღნიშვნა. მეტი ჩვენს შესახებ არაფერი იცოდა…

     

    „Albert“-იდან შუაღამეზე გამოვედით, თვალით უკვე ტაქსს ვეძებდი, როცა ფილმა ხელით მიმანიშნა ვიწრო კარზე, რომლიდანაც 12th Man -ის მეორე სართულზე მოხვდებოდი. ასვლისთანავე დროშა გაშალა და კედელზე მიამაგრა. რაც პაბში შეკრებილ გულშემატკივარს უყურადღებოდ არ დარჩენია და ბანერის ისტორიით დაინტერესდნენ. ფილი სათითაოდ ყველას დაუზარლად უყვებოდა ტრაბზონზე.

    თაგი ნორვეგიიდან იყო. როგორც თვითონ მითხრა, გუნდის გამო ნორვეგია მიატოვა და ენფილდთან ახლოს იყიდა სახლი, რომლის ფანჯრიდანაც კოპის ტრიბუნა მოსჩანს. თაგმა დროშასთან რამდენიმე სურათი გადაიღო და ფილისგან ისტორია რომ მოისმინა, ჯიბიდან პინი ამოიღო და გულზე გამიკეთა. სახეზე ეტყობოდა, რომ მისთვის ძალიან მნიშნველოვან ნივთს მჩუქნიდა და ცოტა მეუხერხულა კიდეც. როგორც აღმოჩნდა, ეს პინი სულ რამდენიმე ათეული ცალია დამზადებული და ის მხოლოდ რამდენიმე გულშემაკტივარს და “ლივერპულის” ლეგენდებს აქვთ.
    საუბარში დრო ძალიან მალე გადიოდა. კიდევ ერთი კათხა ლუდი მომაწოდეს და ბოდიშის მოხდით დავტოვე რამდენიმე გულშემატკივარი, რომლებთანაც საკმაოდ საინტერეო საუბარი მქონდა და ბარისკენ გავემართე. როგორც ფილმა მითხრა, ერთ-ერთი მათგანი “დეილი მირორის ” სპორტული ჟურნალისტი ბრაიან რიდი, ხოლო მეორე, ბენდ ფარმის სოლისტი პიტერ ჰუტონი იყო. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, “ენფილდთან” ახლოს, მერსისაიდის დერბის შემდეგ, რომ ლუდით ხელში თამაშს გავარჩევდი “დეილი მირორის” სპორტულ მიმომხილველთან ერთად.

    სასტუმრომდე აღარაფერს გავუკვირვებივარ. იქ მისვლისას კი, ფილმა “ლივერპულის” პარკში გახვეული კაშნე და მაისური მომაწოდა და მითხრა, რომ თურმე გრიმს უყიდია ჩემთვის სამახსოვროდ და უთხოვია, რომ სასტუმრომდე არ ეთქვა ჩემთვის არაფერი, უხერხული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად. ყველაფერი ისე მოხდა, რომ მადლობის თქმაც ვერ მოვახერე გრიმისთვის. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ათეული წლებია ვიცნობდი ამ ხალხს. 2 დღეში ოჯახის წევრებივით გახდნენ ეს ადამიანები და ემოცია რომელიც ამ დღეს მომცეს, მთელი ცხოვრება გამყვება. ლივერპულში ასეა..ერთი ოჯახივითაა ყველა… კაცობაც იციან, ჯიგრობაც და დალევაც ჩვენზე მეტად უყვართ… ლივერპული ამ დღეს წითელი იყო, თუმცა ფანჯრიდან სთენლი სთრითზე მობოდიალე ლურჯ ფორმაში გამოწყობილ ევერტონელებსაც შენიშნავდი… ქალაქი საუკუნეზე მეტია ასეა- ხან წითელია, ხან ლურჯი… ლივერპულში ასეა… წითელი და ლურჯი…

    ინგლისში ასეა...წითელი და ლურჯი