წლის განმავლობაში “ლივერპულმა” აგენტებს 44 მილიონი ფუნტი გადაუხადა. აღნიშნული მონაცემებით “მერსესაიდელები” ბევრად აღემატებიან პრემიერ ლიგის დანარჩენ კლუბებს.

განვლილი კალენდარული წლის განმავლობაში “ლივერპულმა” 4 ფეხბურთელი გაიფორმა: იანვარში ვან დაიკი, ხოლო ზაფხულში კეიტა, ალისონი და შაჩირი. ხსენებულ ტრანსფერებზე ჯამში 245.5 მილიონი ფუნტი დაიხარჯა, რომელსაც “წითლები” ეტაპობრივად გადაიხდიან, თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს ციფრი არ არის საბოლოო, ვინაიდან ზემოთხსენებული ფეხბურთელების აგენტებს “მერსისპირელებმა” 43.8 მილიონი ფუნტი გადაუხადეს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება პრემიერ ლიგის სხვა კლუბების დანახარჯებს. მაგალისთისთვის “ჩელსიმ” აგენტებს 26.9 მილიონი გადაუხადა, “სიტიმ” – 24.1, “იუნაიტედმა” – 20.8, “ევერტონმა” – 19.1, “არსენალმა” და “ტოტენჰემმა” კი 11.2 და 11.1 მილიონი.

The Telegraph-ის ცნობით პარასკევს პრემიერ ლიგის ხელმძღვანელობა შეიკრიბება და იმსჯელებს აგენტების გასამრჯელოს რეგულირების საკითხებზე. განიხილება “ორმაგი გასამრჯელოს” ვარიანტიც, რომელიც აგენტის ანაზღაურების გარიგებაში მონაწილეორივე კლუბზე გადანაწილებას გულისხმობს. ასევე იგეგმება ანაზღაურების ზედა ზღვარის დაწესება.

“ფიფა და საფეხბურთო ასოციაცია განიხილავენ აგენტების ანაზღაურებას, რათა საკითხი საერთაშორისო დონეზე დაარეგულირონ. ველოდებით, რომ ახალი წესების თანახმად აგენტს ანაზღაურებას ფეხბურთელი გადაუხდის კონტრაქტიდან და არა საფეხბურთო კლუბები.” წერს ჟურნალისტი სემ უოლესი.

ახალი წესი ძალაში 2019-2020 წლების სეზონში შევა, რაც დიდი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო პოლიტიკაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს.

2017 წელს პრემიერ ლიგის კლუბებმა აგენტებს ჯამში 211 მილიონი გადაუხადეს, ხოლო 2018 წელს ციფრი 260 მილიონამდე გაიზარდა.