
The Mirror - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "ლივერპული" კილიან მბაპეს ტრანსფერისთვის ბრძოლაში ფავორიტად იკვეთება.
ვინაიდან, მადრიდის "რეალს" სერიოზული ფინანსური კრიზისი აქვს, მერსისაიდელებს ფრანგი სუპერვარსკვლავის შესაძენად უკეთესი პლაცდარმი ექმნებათ. კილიანის "ლივერპულთან" კავშირის შესახებ მედიაში გასული ზაფხულის შემდეგ აქტიურად იწერება.
მბაპეს "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტის ბოლო 18 თვე აქვს დარჩენილი და ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს. ეს პარიზელებს რეალურად სერიოზულ პრობლემას უქმნის, რადგან შესაძლოა, 22 წლის შემტევი საერთოდაც უფასოდ დაკარგონ.
ამჟამად კოეფიციენტებით მბაპეს მომავალ გუნდად მადრიდის "რეალს" მიიჩნევენ, თუმცა "ლივერპული" უკვე სამულში ტრიალებს. The Times-ის ინფორმაციით, ჯერ კიდევ გასულ სექტემბერს კილიანმა ფრანგული კლუბის ხელმძღვანელებს წასვლის სურვილის შესახებ აცნობა.
ასევე Mirror-ის ინფორმაციით, "რეალის" ერთადერთი არჩევანი მომდევნო ზაფხულამდე მოცდა და სიტუაციით სარგებლობაა, სცენარით, რომელშიც მბაპე პარიზელებთან ხელშეკრულებას არ აგრძელებს და მას ხელში უფასოდ იგდებენ.
ხოლო "ლივერპულს" შეუძლია 2021 წლის ზაფხულშივე ფინანსურ მობილიზებას მიმართოს და კილიან მბაპე ხელში ჩაიგდოს. ანუ გაზარდოს წნეხი და ფრანგს იმაზე კარგი შეთავაზება გაუკეთოს, ვიდრე პარიზელები ამას ახალი კონტრაქტით გააკეთებენ, თუმცა რამდენად მოახერხებენ პანდემიით გამოწვეულ კრიზისულ პერიოდში აღნიშნულს "ლივერპულში", ჯერ კიდევ საკითხავია.
Times-ის განცხადების საპირისპიროდ, გავიხსენოთ, ამ თვეში 22 წლის სუპერვარსკვლავის მიერ გაკეთებული განცხადებაც. იგი პარიზში დარჩენას ვარაუდობს, თუმცა ჯერ თავის მომავალთან დაკავშირებით გადაჭრით არაფერს ამბობს.