Believe Us - ანუ "ლივერპული", როგორც პრემიერლიგის მოგების ჩამოწერილი ფავორიტი

Believe Us - ანუ "ლივერპული", როგორც პრემიერლიგის მოგების ჩამოწერილი ფავორიტი

Believe Us - მაშინ, როცა "ლივერპულმა" იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერლიგის ტიტულების მოგება შეძლო, მელისა რედმა წიგნი სწორედ ამგვარი სათაურით გამოუშვა, სადაც გერმანელი სპეცეალისტის გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა. 2021/22 წლების სეზონი დაიწყო, თუმცა საფეხბურთო ექსპერტებსა და ფანებს ეს ფრაზა დაავიწყდათ - მერსისაიდელები პრემიერლიგას აშკარად ჩამოწერილის სტატუსით შეხვდნენ.

მოკლედ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ინგლისის ჩემპიონატის 2021-22 წლების სეზონი დაიწყო და ბევრის აზრით, ის განსაკუთრებით საინტერესო და დაძაბული გამოვა. ამას კი გვაფიქრებინებს კლუბების საკმაოდ მაღალი დონე. როგორც წინა წლებში, ამ სატრანსფერო ფანჯარაზეც სწორედ პრემიერ ლიგა გამოირჩა ყველაზე მეტი დახარჯული ფულით და რამდენიმე კლუბი საკმაოდ გაძლიერდა. რეალურად, ქვეყნის მთავარი ტიტულის მოსაგებად ყველაზე მეტი შანსი ამ 4 გუნდს ექნება, რომელიც შემადგენლობით და შედეგებით, მართლაც აღემატებიან სხვებს: "მან. სიტი", "მან. იუნაიტედი","ჩელსი" და "ლივერპული".

ამ გუნდებიდან რთულია ერთ-ერთის ამორჩევა და თქმა, რომ ეს კლუბი მოიგებს ტიტულს. თუმცა, პრემიერ ლიგის დაწყებამდე გაკეთებულ პროგნოზებში ნათლად გამოჩნდა, თუ
ვინ და ვინ არიან მთავარი ფავორიტები. BBC Sports-მა თავისი 20 საკმაოდ რესპექტაბელური საფეხბურთო ჟურნალისტი გამოკითხა პრემიერ ლიგის ტოპ4-ის შესახებ და შედეგები ინტერნეტში გამოაქვეყნა. ბევრისთვის გასაკვირად, ამ 20 ჟურნალისტიდან არც ერთს დაუყენებია "ლივერპული" პირველ ადგილზე. ასევე აღსანიშნია, რომ მერსესაიდული კლუბი ამ პროგნოზებში მეორეზეც კი სულ რამდენიმეს ჰყავს წარმოდგენილი. ამ სიებში "ლივერპული" ძირითადად მეოთხე პოზიციას იკავებს. დავიწყოთ იმაზე საუბრით, თუ რამ გამოიწვია ამგვარი "უპატივცემულობა" წითლების მიმართ.

ამგვარ პროგნოზებში ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღება ექცევა სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას. ამაში კი უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენმა სამივე კონკურენტმა ბევრად შედეგიანი საქმე გასწია. "ჩელსიმ" დაიმატა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი რომელუ ლუკაკუ, რითიც ერთგვარად თავიდან მოიშორეს მათი მთავარი პრობლემა - მომენტების გოლებში გარდასახვა.

"მან. სიტისთვისაც" მშვენიერი ზაფხული გამოვიდა. მართალია უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კეინი პეპის გუნდში აღარ გადავა და ტოტენჰემში დარჩება, მაგრამ მათ მოახერხეს და გაიფორმეს ჯეკ გრილიში, რომელიც წინა სეზონში პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ და ჯერ ყველაფერი წინ აქვს.

რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედს" ბევრის აზრით, სწორედ მათ ჰქონდათ ყველაზე კარგი სატრანსფერო ფანჯარა. მათ დაიმატეს ძალიან გამოცდილი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე, რაფაელ ვარანი და ახალგაზრდა, უნიჭიერესი ჯეიდონ სანჩო. მართალია ამ ფეხბურთელების დამატება ამ გუნდების ფანებისთვის მშვენიერი ნიუსია, მაგრამ ახალი ფეხბურთელების მოყვანა ყოველთვის პრობლემებთანაა დაკავშირებული. არავინ იცის, როგორ შეეწყობიან ისინი ახალ კლუბს. "ლივერპული" კი თითქმის ერთი და იგივე შემადგენლობით უკვე მესამე-მეოთხე სეზონია თამაშობს. ისინი იდეალურად არიან შეთანაშებულები და ერთმანეთის ესმით. ამას ვერ ვიტყვით ახალი ფეხბურთელებით დახუნძლულ გუნდებზე, განსაკუთრებით "მან. იუნაიტედზე".

გარდა ტრანსფერებისა, წინა სეზონი ამ სამივე კლუბმა ჩვენზე კარგად ჩაატარა.
"ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, "სიტიმ" პრემიერ ლიგის ტიტული დაიბრუნა, "იუნაიტედი" კი თანაქალაქელებთან ბრძოლაში მეორე ადგილს დასჯერდა. ამ დროს კი "ლივერპულს" საკმაოდ მძიმე წელი ჰქონდა გარკვეული მიზეზების გამო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჟურნალისტების მიერ ამგვარი განაწილება თავიანთ პროგნოზებში საკმაოდ ლოგიკურია, მაგრამ ისინი ვერ ითვალისწინებენ გარკვეულ ფაქტორებს, რომლებიც "ლივერპულს" კვლავ უძლიერეს გუნდად აქცევს და პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში დაეხმარება.

თავდაპირველად, აუცილებლად უნდა ვახსენოთ შარშანდელი სეზონის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი - ესაა საშინელი უიღბლობა ტრამვების მხრივ. გუნდმა დაკარგა მთლიანი დაცვა: ვან დაიკი, მატიპი და გომეზი, ხოლო სეზონის განმავლობაში ხშირად შორდებოდნენ გუნდს ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ფაბინიო, ჰენდერსონი და ა.შ.

ამ ფეხბურთელების დაბრუნება და ფორმაში შესვლა კი უდიდესი ბიძგი იქნება "ლივერპულისთვის", რომ პრემიერ ლიგის ტიტულისთვის იბრძოლონ. მართალია, არავინ იცის, თუ როგორი შეცვლილები დაბრუნდებიან ისინი და რა დრო დასჭირდებათ ფორმის აღსადგენად, მაგრამ პრემიერ ლიგის გახსნითმა ორმა ტურმა გვაჩვენა, რომ "ლივერპულის" დაცვა წინა სეზონთან შედარებით მოწოდების სიმაღლეზეა.
ორივე თამაშში გუნდმა კარი მშრალად შეინახა, ისე რომ დაცვა ძალიან საიმედოდ გამოიყურებოდა.

განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ვირჯილის დაბრუნება, რომლის მოედანზე ყოფნა "ლივერპულს" ეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში. ვან დაიკის დაბრუნება არა მარტო დაცვას, არამედ შეტევასაც გააძლიერებს. მწვრთნელები მასზე საუბრისას ყოველთვის გამოარჩევენ მის უნარს, რომ გრძელი დიაგონალური პასი გააძვრინოს შემტევებისკენ, როცა მასზე მეტოქე პრესინგს მიმართავს. დაცვიდან ამოსვლის ამ სტრატეგიას კი კლუბი წინა სეზონში საერთოდ ვერ იყენებდა, რადგან უბრალოდ არ ჰყავდა ფეხბურთელები, რომლებსაც ამის გაკეთება შეეძლოთ. ვან დაიკი დაბრუნდა თუ არა, სწორედ მისი ამ დიაგონალური პასით გავიდა გოლი "ბარნლის" წინააღმდეგ მეორე ტურში, რომელმაც თამაში მოკლა.

შეტევაზე საუბრისას კი შეუძლებელია არ ვახსენოთ სადიო მანეს შარშანდელი ფორმა. მას ძალიან დიდი ჩავარდნა ჰქონდა, რაც გამოწვეული გახლდათ გადაღლილობით. სენეგალელი წლების განმავლობაში გადაბმულად ახერხებდა სეზონების ჩატარებას, რამაც ის გამოფიტა და ფორმა დააკარგვინა. თუმცა საბედნიეროდ, მანეს ზაფხულში საკმაოდ დიდი პაუზა მოუწია, ეს კი, იმედია, გავლენას იქონიებს მის თამაშზე და დაგვიბრუნდება ისეთი სადიო, როგორიც ყველას გვახსოვს. გარდა ამისა, "ლივერპულის" შეტევით პოტენციალს კიდევ უფრო დიდ ბიძგს მისცემს დიოგო ჟოტას გუნდში საბოლოო ინტეგრირება. მას ტრამვების გამო შარშან საკმაოდ გაუცდა, მაგრამ თანდათან ის უკეთესად ერგება კლოპის სისტემას და ფირმინოს სერიოზულ კონკურენციას უწევს.

ამ ყველანაირი დაბრკოლების ფონზე, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ შარშან "ლივერპულს" ისეთი ცუდი სეზონიც არ ჰქონია, როგორიც ხალხს ახსოვს.  მერსესაიდელებმა განსაკუთრებით სეზონის დასკვნით ნაწილში მოუმატეს და მოახერხეს ბოლო 10 მატჩიდან 8-ის მოგება, რაც შესანიშნავი შედეგია. ამ მოგებათა სერიით კი, საბოლოოდ, კლუბმა მე-3 ადგილზე, "ჩელსიზე" წინაც კი დაასრულა და მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩა "მან. იუნაიტედს". "სიტისთან" ჩამორჩენა მართალია დიდი იყო, მაგრამ უნდა გავიხსენოთ პერიოდი, როცა "ლივერპულს" ჯანმრთელი გუნდი ჰყავდა. მიუხედავად, "ლივერპულის" ასეთი ჩავარდნისა, ბოლო სამ სეზონში ეს ორი კლუბი ზუსტად თანაბარი რაოდენობის ქულებს აგროვებენ. ასე რომ, "სიტისა" და ჯანმრთელ "ლივერპულს" შორის სხვაობა არც ისე დიდია.

გარდა ტრამვირებული ფეხბურთელების დაბრუნებისა, "ლივერპულს" კიდევ ერთი უპირატესობა აქვს. ეს გახლავთ "Underdog"-ად ყოფნა. მერსესაიდულ კლუბს ყოველთვის უყვარდა, როცა ისინი ფავორიტები არ იყვნენ. ამ დროს ისინი უფრო შემართებით თამაშობენ და უკეთეს შედეგებს აღწევენ. ამ სეზონში კი, როგორც ზევით აღვნიშნე, ისინი მთავარი ფავორიტები არ არიან, რაც მათ ნაკლები სტრესის გარეშე თამაშის საშუალებას მისცემს. ეს მათი შანსია, რომ ისევ და ისევ, ყველას დაუმტკიცონ, რომ "ლივერპულის" მიმართ ცდებიან.

წინა სეზონის ჩავარდნის გამო, ბევრს დაავიწყდა თუ რა შეუძლია ფეხბურთელთა ამ კოლექტივს. მათ მოახერხეს და ზედიზედ ორჯერ გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელთაგან ერთი მოიგეს კიდევაც.
მათ სულ 1 სეზონის წინ ჩაატარეს პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი და დააგროვეს 99 ქულა, რაც არანორმალური მაჩვენებელია. ახლა კი როცა გუნდი სრულიად ჯანმრთელია და უკვე ადაპტაციისთვის დრო მიეცათ
ტიაგოსა და სხვა ახალწვეულებს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კლუბი ბოლომდე იბრძოლებს პრემიერ ლიგის ტიტულის დასაბრუნებლად და ინგლისის ჩემპიონატის მეოცედ მოსაგებად.

 

4 კვირის წინ
619 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 443
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ